ცოდვა-მადლის განკითხვა ამ ქვეყნად არსებობს?
- Kakhaber Rodinadze
- Aug 9, 2020
- 2 min read

ზოგჯერ ძალიან მიჭირს ვირწმუნო, რომ ქვეყნად ცოდვა-მადლის განკითხვა არსებობს !
( რაჭაში ვარ, ჩემს სოფელში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, სანამ მამა ფრონტზე იყო, რამდენიმე წელიწადი ვიყავით თავშეფარებული. აქ ჩამოსვლისას ბავშვობის მოგონებების და შთაბეჭდილებების მთელი ზღვა აბორგდება ხოლმე და ნაპირის გადმოლახვას ლამობს ! ერთი მათგანი , რომელიც პატარაობიდანვე მაწუხებს, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ) :
ეს ამბავი დიდიხნის წინ მოხდა:
ჩვენთან, სოფლად, ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა : დედა, მამა და ქალიშვილი. უბრალო, გლეხური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. იყვნენ როგორც ყველანი: არც მდიდრები იყნენ და არც ღარიბები. მათი უბედურება უფრო მოგვიანებით დაიწყო. ჯერ მამა, ნაფრონტალი და ნაომარი კაცი ჯარიდან ჩამოსვლისთანავე გარდაიცვალა. შემდეგ შვილი დაეღუპათ ჭლექით, მერე მარჩენალი ძროხა დაკარგეს, ბოლოს კი სახლიც დაეწვათ და ამ კაცის, როგორც ნაომარი ადამიანის, სოფლის მემორიალზე, მის სახელზე დარგული ხეებიც კი გახმა...
დარჩა მხოლოდ დედა : წყნარი, მშვიდი, უპრეტენზიო, ბედსშეგუებული ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად ასეთი უზომო ტკივილისა და გასაჭირისა, არასდროს არავინ შეუწუხებია თავისი უბედურებით. დარჩა ქალი მარტო თავის ფიქრებთან, დარდებთან და დიდ მწუხარებასთან. ამ ამბების შემდეგ კიდევ დიდხანს იცხოვრა...
ასეთი წყნარი და უხმაურო დამამხსოვრდა. სულ ჩუმად იყო, არ ტიროდა და არ მოსთქვამდა, ბედს ხმამაღლა არ უჩიოდა, არავის აწუხებდა. სახლის დაწვის შემდეგ ბოსელში გადაინაცვლა და იქ შუქიც აღარა ჰქონდა. უბანი, როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა, მაგრამ მათაც ბევრი არაფერი გააჩნდათ.
ჩვენ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და თანაგრძნობის მეტი არაფერი შეგვეძლო. როცა წამოვიზარდეთ, მახსოვს, ჩემს ძმას ქალაქიდან მისთვის იმდენი ფქვილი ჩამოჰქონდა, რომ მთელ ზამთარს ყოფნოდა , დამწვარი ელექტროკაბელიც უბანმა აღუდგინა, მაგრამ რა იყო ეს დახმარება, იმ მარტოობასა და უბედურებასთან შედარებით , რომელსაც ეს ქალი წლების მანძილზე ბოსელში ატარებდა, ეს უფრო გვიან, დიდობისას გავაცნობიერე...
გამოხდა ხანი და ქალიც გარდაიცვალა. უპატრონოზე და მიუსაფარზე ისევ უბანმა იზრუნა და დაასაფლავა. მისი ეზო და კარ-მიდამო კი გვერდით მცხოვრებმა მეზობელმა მიიერთა. ახლა ის ქალი და მისი ოჯახი აღარავის ახსოვს , ალბათ ჩემი და ჩემიოდე ხნის ორიოდე ადამიანის გარდა...
სოფელში ჩასული ხშირად მოვინახულებ მათ ნასახლარს, ხოლო სასაფლაოზე ასული მათ მოუწყობელ, თითქმის გადაშლილ საფლავებს, ვფიქრობ მათ საზარელ, გაუხარელ ხვედრზე და ისევ ვეჭვობ ქვეყნად სამართალის , ცოდვა-მადლის განკითხვის არსებობაზე...
Comentários