2008 წლის აგვისტო: დავით კეზერაშვილი და რუსი გენერალი ბორისოვი
- Kakhaber Rodinadze
- Aug 10, 2020
- 3 min read

ავტორი: ლეონარდო დევდარიანი
(გამოქვეყნებულია 10.08.2017 წელს სოციალურ ქსელებში კახა ბუზარიაშვილის Kaxa Buzariashvili გვერდზე)
კეზერაშვილი გამოგზავნეს. 3-4 საათი ვიდექით და ველოდებოდით. პერეპელიცამ ვლადიკავკაზიდან ჩამოასწრო(?). ვდგავართ, ვიხრუკებით მზისგულზე და უცბად ორი ახალი ლექსუსის ჯიპით შემოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი ამერიკული კინოფილმის გმირი კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდათ. რაღა ნაპოლეონი და რაღა კეზერაშვილი. ბორისოვმა მკითხა, ეს ვინ არისო. თავდაცვის მინისტრია-მეთქი. კეზერაშვილი მარიაჟი სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე დაცვას მიუტრიალდა, რა არის, ბიჭებო, ახალი ბატინკები ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმლისკენ ხელით მიუთითა. ბორისოვს ქართული ესმის, 5 წელი ბათუმში მსახურობდა, თანაც ბატინკი რუსულადაც ბატინკია. ხელით ისე მიუშვირა, რომ ყველაფერი გასაგები იყო ნებისმიერ ენაზე. შევხედე, ბორისოვი გაფითრდა. კეზერაშვილი მოგვიახლოვდა და თავისი "გამართული" რუსულით არ დაუწყო ჩხუბი ბორისოვს?
ბორისოვმა კბილებში გამოცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეიარაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობ, შე წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამ ასოზე გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო, უთხრა. მოტრიალდა, სტაცა ხელი პერეპელიცას და მანქანაში ჩაჯდა. ვიფიქრე, ახლა რაღა ვქნა, ძლივს მოგვარებული საქმე მეშლება-მეთქი. მივვარდი ისევ ბორისოვს, სად მიდიხარ-მეთქი? ვის ველაპარაკო აქ, ნორმალური არავინ არის, ერთი სერიოზული კაცი ვერ ვნახეო, - მიპასუხა გაღიზიანებულმა. მოკლედ, ვეხვეწე, ერთი სულელის გულისთვის ნუ ჩავშლით ამ საქმეს, ტყვეებს შველა უნდათ-მეთქი. ბორისოვმა ხათრი ვერ გამიტეხა, მანქანიდან გადმოვიდა და კეზერაშვილს მიუახლოვდა. კეზერაშვილმა უცბად შეცვალა ტონი. ბატონო გენერალო, თქვენ არასწორად გამიგეთო. "ყველაფერი სწორად გავიგე", - უკმეხად უპასუხა ბორისოვმა, - გაცვლა ხვალ 11 საათზე შედგება. ვცვლით ყველას ყველაზე - მერე მობრუნდა, წავედითო, მითხრა და მანქანაში ჩავსხედით.
***
კოდუამ მითხრა, უფროსობამ დამავალა, თუ შეგიძლია, ბორისოვს დაელაპარაკო, ძალიან ბევრი სამხედრო ტექნიკა აქვს ხელში ჩაგდებული, დაგვიბრუნოს და რამდენსაც გვეტყვის, იმდენს გადავუხდითო(!). ბორისოვს კოდუას დანაბარები გადავეცი. მითხრა, უკვე გვიანია, ნაალაფარი ტექნიკა დღეს დილის 5 საათზე ვლადიკავკაზში გავგზავნეო. მერე მითხრა, იცი რა, გული რომ არ დაგწყდეს, 20-25 ერთეული ტექნიკა, ბე-ტე-ერი, ბმპ-ები ტყეებში ყრია. ზოგი გაფუჭებულია, ზოგს საწვავი გამოელია. ხვალ მათ შეკეთებას და ვლადიკავკაზში გაგზავნას ვაპირებდი, მაგრამ არავითარი ფული არ მინდა, მათ შენ გაჩუქებო.... მართლაც ორ-სამ დღეში მოაწესრიგეს ტექნიკა და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
***
ჩაშლილი მოლაპარაკება(?!)
10 თუ 11 რიცხვში მერაბიშვილმა დარეკა ანზორ მარგიანის ტელეფონზე. მერაბიშვილს ბორისოვთან უნდოდა შეხვედრა. რა პრობლემაა, ჩამოვიდეს, შევახვედრებ-მეთქი. მერაბიშვილმა იუარა გორში ჩამოსვლა. ბორისოვი როგორმე მცხეთაში უნდა ჩამოიყვანოთ, იქ შევხვდებიო. შეხვედრის ადგილი რომელიღაც რესტორანში დაგვითქვა. ეს იყო პირველი მცდელობა მოლაპარაკების დაწყებისა. ფაქტობრივად, ბორისოვს სთავაზობდნენ, მიეტოვებინა ჯარი და მტრის ზურგში წასულიყო. ამის თქმა არ გინდოდა არმიის სარდლისთვის? განზე გავიხმე და შორიდან დავიწყე, - ჩემთან ერთად თუ წამოხვალ-მეთქი. სადაც გინდა, იქ წამოვალო. იმას როგორ იფიქრებდა, რომ ჯარის მიტოვებასა და მტრის ზურგში წასვლას ვთავაზობდი. ნელ-ნელა შევაპარე მერაბიშვილის წინადადება. ბორისოვმა მკითხა, შენ თუ ენდობი საქართველოს მთავრობასო. საერთოდ არ ვიცნობდი მერაბიშვილს, ნდობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ გავრისკე, ვენდობი-მეთქი. მაშინ წავედითო, მითხრა. გზაში ვკითხე, მოლაპარაკების უფლება ხომ გაქვს-მეთქი?
მოკლედ, რომელიღაც რესტორანში დაგვითქვეს შეხვედრა. გენერლებს უთხრა, ლეონარდოსთან ერთად ნახევარი საათით გავალ და მალე დავბრუნდებითო. ჩავსხედით ანზორ მარგიანის მანქანაში. მე და ბორისოვი - უკან, ანზორი საჭესთან.
იგოეთიდან რომ გამოვედით, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ბორისოვმა მკითხა, ლეონარდო, კიდევ ერთხელ გეკითხები, ენდობი მათო? უკვე მეც შევფიქრიანდი, ხომ ვიცოდი მათი ამბავი. ვიფიქრე, არ დაიჭირონ ეს კაცი და მერე მთელ მსოფლიოში არ ატეხონ ამბავი, აი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის სარდალი დავიჭირეთო! ომი წაგებული ჰქონდათ და მოვიგეთო, გაიძახოდნენ და განიარაღებული რუსი გენერალი ჩამყავდა ჩემი ხელით მცხეთაში.…ამან ძალიან შემაფიქრიანა.
ანზორ მარგიანმა მითხრა, ამათ მართლა მტერი ენდო, თუ გვიღალატეს, ჩემი და შენი გვარი ისტორიულად დარჩება როგორც მოღალატეო. კაცი გვენდო, ჯარები მიატოვა, ჩვენთან მანქანაში უიარაღოდ ჩაჯდა და იქ რომ მძევლად აიყვანონ, ამაზე მეტი სირცხვილი რაღა იქნებაო. ადგა და ორივეს იარაღი მოგვცა: ბორისოვს - სტეჩკინი, მე - მაკაროვი. თუ დავიღუპებით, ერთად დავიღუპებით, თუ გადავრჩებით, ერთად გადავრჩებითო. მეცოდებით, ბიჭებო, რაკი წამოვედით, წავიდეთო, - გვითხრა ბორისოვმა და გზა განვაგრძეთ. ის-ის იყო, დათქმულ ადგილს მივუახლოვდით მცხეთაში, ვანო მერაბიშვილმა ისევ დარეკა. მოიბოდიშა და Mმარგიანს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფოდ უკან გაიხმო(!). მართალი რომ გითხრათ, მე კი ამოვისუნთქე, მაგრამ მერაბიშვილი რომ არ გაეხმო სააკაშვილს, შესაძლოა ამ მოლაპარაკებას ბევრად სასიკეთო ნაყოფი გამოეღო ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე სარკოზისა და მედვედევის შეთანხმებას.
ერთი სიტყვით, მოლაპარაკება ჩაიშალა და ისევ გორში დავბრუნდით.
Comments